კალენდარი |
 |
« ივნისი 2013 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |  |
 |
|
 | |  |
| მთავარი » 2013 » ივნისი » 13 » პასუხად მურმან ლებანიძეს
4:53 PM პასუხად მურმან ლებანიძეს |
,ვით დედა-მტკვართან ჭოროხს და ენგურს, რიონს და ტეხურს, იორს და არაგვს, აგრეთვე ენას, - ქართულთან მეგრულს, ხმის ამოიღოს უფლება არ აქვს... თქვენ დუშმანს სიტყვა უქციეთ საქმედ, თქვენ სხვა აღძარით თქვენ მარტივ გლეხში; ვაი სირცხვილო, რუსთველი თარგმნეთ, - მიჯღარკ-მოჯღარკეთ ქართული ლექსი"
მურმან ლებანიძე
„ვაი, შური საყვარელი, ღურა მუში მამარდა რე: რინაშ ნება ქორდასნი ქიანა მუში მაფართა რე“. „ხალხური“
„ვაი სულო, საყვარელო, სიკვდილი რაოდენ მადლია, ყოფნის ნება რომ იყოს, ქვეყანა რაოდენ ფართოა“
ძველი და უძველესი აღმოსავლური ტექსტები: ინდური, ტიბეტური, ჩინური, იაპონური ასე იშიფრება და ასე იშიფრებოდა მუდამ, მაგრამ შენგან განსხვავებით, არავის არასოდეს არ უთქვამს, ისინი გადავყაროთო. XX საუკუნის ადამიანები, თავიანთი საქმეების სხვებზე უკეთესად მცოდნენი, ერთმანეთს შენობით მიმართავდნენ და მეც, მოწყალეო ხელმწიფევ, მომეცი ნება მოგმართო შენობით და არა თქვენობით. ამ ლექსში, ზემოთ მოყვანილ ოთხ სტრიქონში, საკაცობრიო ტკივილია გადმოცემული. ჩემთვის ყველა ენა ძვირფასია, რომლითაც ადამიანის სანუკვარი ფიქრი და განცდა გამოითქმება, გამოიხატება. ისე ამ კატრენს არც კეთილხმოვანება აკლია და არც რითმა. თუ არ მიწყენ, დავძენ იმასაც, რომ მასთან შედარებით ბევრი თანამედროვე პოეტის ლექსი მართლაც „მიჯღარკულ–მოჯღარკულია“, მაგრამ ამის შესახებ სხვა დროს... აქ კი ერთი რამ უნდა განვაცხადო მთელი პასუხისმგებლობით: მეგრულს დღეს მსოფლიოში არსებული ვერც ერთი ენა ვერ შეედრება ლექსიკური მრავალფეროვნებითა და მისტიკური შინაარსის მომცველობით. ასე, რომ ის არავის სასაცილო და საღინცილო არ არის. გვიჯობს მივხედოთ იმას, ტვინი აზროვნებისათვის რომ არ გვივარგა, ისე გამოგვილაყეს იგი კომუნისტებმა ცრუ იდეებითა და განუხორციელებელი მიზნებით. დიახ, გვიჯობს მივხედოთ ამას, მოვაქციოთ იგი უკომპრომისო თვითკონტროლის ქვეშ და როგორმე მივაჩვიოთ ნორმალურ ფიქრსა და განსჯას, აზროვნებას. ახლა კი სხვათა ნააზრევსაც გადავავლოთ თვალი, ისინიც შენნაირად ფიქრობდნენ ნეტა? მივმართოთ აკაკი წერეთელს: “მეგრული დღეს სალაროა ნამდვილი ქართული სიტყვებისა. აღმოსავლეთ საქართველოს დაჰკარგვია ნამდვილად ქართული სიტყვები, მათ ნაცვლად თათრულ-სომხური-სპარსული შემოუღია, რომელიც ქართველის ყურს ცუდად ეჩხირება და გულსა სწყენს. მეგრულ ენაში კი შემონახულან ობოლ მარგალიტებად ის ძველი სიტყვები, ჩვენ ვურჩევთ ჩვენს მწიგნობრებს მეტი ყურადღება მიაქციონ მეგრულს, რომ იქიდან ამოკრეფილი სიტყვებით შეივსონ დღეს მათი შელახული ქართული ლექსიკონი”. ეს კი იმ პოეტის უბის წიგნაკიდან არის ამოწერილი, რომელი პოეტიც შენ ძალიან გიყვარს: „ავტობუსში ბევრია შავებში ჩაცმული მეგრელები, მეგრელი ქალები და მათ ძლიერ შვენით მგლოვიარება.... დიდებულია მეგრელის ზრდილობა! კიდევ უფრო საინტერესოა – როცა ისინი ერთმანეთში საუბრობენ. გახსენდება მამია გურიელის სიტყვები: „და ტკბილის ენით– მეგრულით უყვარს ჩემი გაჯავრება“. იცი ვინ არის ამ სიტყვების ავტორი? გალაკტიონია, ჩვენი გალაკტიონი! ხედავ, ორი გენიოსი მიდგას გვერდით, აკაკი და გალაკტიონი! ორი კი არა სამი! მამია გურიელს რას უწუნებ?! მან ხომ თავისი დიდებული ლექსით– „ადამიანი“ ერთწამიერად მაინც ჩაუქროლა და გამოჰკრა ფრთა გენიალობას და ეს სამი ძლიერი სული სიტყვისა, როცა დამცველად მიდგას, ერთ მურმან ლებანიძეს არც უნდა გაგქცე პასუხი, ერთი უხეირო ნალექსარის გამო... სიმართლე რომ გითხრა, სხვა დროს ასეთი რამ არც მომივიდოდა აზრად, რადგანაც სხვა დროს იგი არც გამახარებდა და არც გამანაწყენებდა, მაგრამ... და სწორედ ეს მაგრამ არის მთავარი! დღეს ბევრი, ძალიან ბევრი ქართველი აკეთებს იმას, რაც საქართველოსათვის, ქართველი ერისათვის მტერს უნდა! ეს უვიცობა კი არ არის, უვიცობაზე უარესი– სიბიჩვერეა! რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძეს და ედუარდის მიმდევრებს, ისინი ყველა ერთად და ცალ–ცალკე, მაინც და მაინც იმ საქმიანობისათვის არიან თავდადებულნი, რაც რუსეთს აქვს დაგეგმილი საქართველოს წინააღმდეგ... დაგეგმილი კი, არც მეტი არც ნაკლები, – საქართველოს სრული დაქუცმაცება და ქართველი ერის ფიზიკური განადგურებაა... სადღეისო ამოცანა კი ასეთია: როგორც ადრე სამაჩაბლო და აფხაზეთი, ახლა სამეგრელო უნდა ჩამოაჭრან საქართველოს. ვინც ამას ვერ ამჩნევს, ის ან პოლიტიკური დალტონიზმითაა დაავადებული, ანდა ყალბი და უგლიმი პროლეტარული ინტერნაციონალიზმის ლიბრი აქვს გადაკრული გონების თვალზე... ხოლო კაცობრიობისათვის არც ერთ იდეას არ მოუტანია, იმოდენა ზიანი, რამდენიც პროლეტარიატის მარქსისტულმა იდეამ მოუტანა. ეს იყო პირდაპირი მოდერნიზაცია უკვე მოძველებული „დაჰყავი და იბატონესი“! ოღონდ „იბატონეს“ ნაცვლად ჩასმული იყო: „დაჰყავი და აითვისე“! ეს კი თავის მხრივ პირდაპირ მისწრება იყო მსოფლიოს დაპყრობის იდეით ისე ერთიანად გაჟღენთილი ერისათვის, როგორიცაა რუსი ერი; რუსეთისათვის სრულიად არასაკმარისია ბატონობა, აუცილებელია დაპყრობა და ასიმილაცია, ამიტომაც აიტაცა რუსეთის ინტელიგენციამ ეს იდეა თავის დროზე და ამ ინტელიგენციის ნაშიერია, რუსული კომუნისტურ–ბოლშევიკური სისტემა, რომელმაც გამოიწვია მეორე მსოფლიო ომი, ომი, რომელშიაც შენც მონაწილეობდი. ასეა საქმე და შენ მაინც და მაინც, ახლა მოგინდა მეგრული ენისა და აგრეთვე სულის, ვინაიდან ენა სულია ხალხისა, გატრიზავება. მიზეზად კი დაიდევ ის, რომ ორმოცი თუ ორმოცდაათი წლის წინათ, მავანმა ხალხური სიტყვიერების დონეზე „ვეფხისტყაოსანი“ თარგმნა მეგრულად. პირადად მე ოთხი ათეულ წელზე მეტია, რაც ადამიანთა სახეებს კი არ ვუმზერ, არამედ შინაარსს უმზერ ამ სახეებისას. ასევე დიდიხანია, რაც ნაწერებს კი არ ვკითხულობ, არამედ ვაყურადებ ადამიანის სულის იმ ხვეულებს, სადაც ეს სიტყვები აღიძრნენ და შენც კარგს იზამ, თუ ღრმად დაუკვირდები საკუთარი ფსიქიკის იმ შრეებს, საიდანაც ამ ლექსის სიტყვები გაჩნდნენ... წვრთნა უნდა, წვრთნა იმ ნერვებს, რომელთა ვიბრაციამაც გამოსცა ეს შინაარსი. წვრთნა კი ყოველ ასაკში შეიძლება, თუ ცნობიერების ნათელს მივასხივებთ, ჯერ კიდევ ერთობ მცირედ განათებულ, ან სრულიად გაუნათებელ მირიადზე მირიად უჯრედსა და ქსოვილს, რითაც თითოეული ჩვენთაგანის შინაარსებაა მოქსოვილი. ერთი ქართველი ფიზიოლოგი წერდა: „დღეს მსოფლიოში 12 მილიარდი კილოგრამი თავის ტვინი მუშაობსო ყოველდღიურად“ რათქმაუნდა, იგულისხმებოდა ადამიანის თავის ტვინი. ეს როცა წავიკითხე, მე მაშინ ასე თუ ისე ვიცნობდი ამ საუკუნის კაცობრიობის მოწინავეთა თავის ტვინის ნამუშევარ–ნამოქმედართ... მაგრამ მაინც გამიელვა ფიქრმა: ამათ შორის ხუთი მილიონი ქართველიცაა– მეთქი და გამიხარდა... მერე და მერე, როცა ავცმუკდით, ავცუნდრუკდით, ავკუნტრუშდით ათასნაირად... კომუნისტურ–კომკავშირულ–უშკომური ბზიკებშემჯდარნი– ასორმოცდაათ პარტიაში განვიბნიეთ და სამასი სხვა და სხვა დასახელების გაზეთებში მიმოვიფანტეთ, –ეს ჩემი საამაყო ხუთი მილიონი კილოგრამი ცოცხალი თავის ტვინი უთავისქალებოდ შემრჩა ხელში და მასში მიმდინარე პროცესები ბროუნის ცდების შედეგებს დაემსგავსა, რომელიც ადუღებულ წყალში მოლეკულების მოძრაობის წესრიგს იკვლევდა, –ცდების შედეგებს, რომლებსაც ალბერტ აინშტეინმა „ქაჯების როკვა“ უწოდა. მერე ყველაფერი თავდაყირა დავაყენეთ: სამაჩაბლო და აფხაზეთი რუსეთს ჩავაბარეთ, სამეგრელო ხუთჯერ გავასწორეთ მიწასთან! მურვან ყრუს აქეთ არავის ჩაუდენია სამეგრელოში ის, რაც „მხედრიონმა“ და ე.წ. „გვარდიამ „ გააკეთა. ქართველი პოლიტიკოსები თავსაც იტყუებენ და ატყუებენ იმათაც, რომელთა ცოდნაც არ ცოდნას უდრის, თორემ მცოდნეს ისინი ვერ მოატყუებენ. სამეგრელო და მეგრელები, სამ ცეცხლს შუა მოაქციეს: პირველი ცეცხლი რუსებმა შეუგზნეს, მეორე ქართლელებმა ე.წ. ,,იბერიელებმა“ და მესამე –აფხაზებმა და აფხაზეთის მხარეს მებრძოლმა ძალებმა. პირველი და მთავარი ცეცხლი, მაინც მოსკოვიდან მოვიდა: მეგრელები სამაგალითოდ უნდა დასჯილიყვნენ! რატომ? მოსკოვმა ვერ იპოვა სამეგრელოში კაცი, რომელიც იმ როლის შესრულებას იკისრებდა, რაც აფხაზეთში ითავა არძინბამ. ასეთ კაცს ისინი სამოცდაათიანი წლების დასაწყისიდან ეძებდნენ სანთლით. ამ წერილის ავტორთანაც იყვნენ: მან ისინი ბინიდან გამოყარა... წერილიც მიადევნა, რომლის შინაარსი ამ ერთი წინადადების გარშემო იყრიდა თავს: „როგორ?! თქვენ გინდათ ორიათასი წლის განმავლობაში ნაწამებ და ნაოხებ, ერსა და ქვეყანას ხერხემლის მალები გამოაცალოთ“?! ალბათ სხვებმაც ასე უკუაგდეს მათი ვერაგული წინადადება: „ახლა ესენი ისეთ კაცს ეძებენ, რომელსაც მეგრელები დაუჯერებენ და გაჰყვებიან... ეს კაცი შეიძლება ციხეშიაც მოხვდეს, მაგრამ მას იმხელა დიდი პიროვნება დაიცავს საქართველოში, რომ თვითონ ის და ყველა მისიანი დაზღვეულნი იქნებიან, როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მხრივ, ისე მატერიალურადაც“. დიახ, პირველი ცეცხლი რუსეთმა შეუნთო სამეგრელოს: „ისინი სანიმუშოდ უნდა დაისაჯონ, რადგანაც მათ არ სურთ ის, რაც აფხაზებმა უკვე 1954 წლიდან დაიგემოვნეს“. ასეთი იყო მოსკოვის უხმო ხმა, უსიტყვო სიტყვა პოლიტიკური... დასჯის ხერხები და მეთოდები კი მას უთვალავი ჰქონდა: ძველი და უძველესი, ახალი და უახლესი, ყველა დროისა და ხალხისა და ამას მიმატებული თავისი, საკუთარი: კომუნისტურ–ბოლშევიკური –! ყოველი მეცნიერული აღმოჩენა: სამედიცინო, ფსიქიატრიული თუ ფსიქოლოგიური, ფიზიკური თუ ქიმიური, ბიოლოგიური თუ ფიზიოლოგიური, სოციალ–ეკონომიკური თუ პოლიტიკურ–კომფლიქტოლოგიური სადამსჯელოდ იყო შესწავლილი, გამოწვლილული... ვინაიდან იბერიული და კოლხური მოდგმის გაერთიანების შედეგად შეიქმნა „საქართველოს“ და „ქართველის“ ცნება, – აუცილებელი იყო მათი ურთიერთ დაპირისპირებაც. მეორე ცეცხლი მეგრელებს საქართველოს ყველა კუთხიდან და თვით სამეგრელოდან გამოსულმა კუთხურ–პროვინციული ჭაობის ლამითა და ლეყეპოთი გაზრდილმა ლოქოებმა შეუნთეს... დიახ, ისინი არც ერთი არ იყვნენ ქართველები! ისინი იყვნენ მეგრელები, გურულები, იმერლები, ქართლელები, კახელები და სხვანი და სხვანი, კუთხურ–პროვინციული შხამით გაჟღენთილნი... აბა, ქართველი, ჭეშმარიტი ქართველი, „სულის სინათლითა და აზრის სიღრმით“, ცნობიერების ძალისხმევით ამაღლებული კუთხურობიდან საერთო ქართველობის დონემდე, ის სამეგრელოს არასოდეს დაარბევდა, მამის თვალწინ ქალიშვილს გაუპატიურებას არ დაუპირებდა... აქ მე ძალიან მიჭირს თავის შეკავება, ეს ჩემს რაიონში მოხდა: კომუნისტების მიერ აღზრდილმა არამზადებმა და არარაობებმა მამის თვალწინ უწლოვან გოგონას მოუნდომეს გაუპატიურება, რათქმაუნდა, უიარაღო მამამ ერთ ავტომატიან ბრიყვს მოუგრიხა კისერი და ავტომატი უნდა ეხელთა, მაგრამ ამ დროს მეორემ გვერდიდან დააყარა ტყვიების ჯერი, მამა ჩაიკეცა და გათავდა... მერე კიდევ ეძებდნენ იმ გოგონას, რომელმაც მიმალვა მოასწრო. ახლა კი უნდა გაჩუმდეთ ყველა!... ვიცი, ედუარდ შევარდნაძე მაინც არ გაჩუმდება, რადგანაც მას პოლიტიკა დღესაც სიცრუისა და ცბიერების ხელოვნება ჰგონია, ხოლო ვისაც 1944 წლის 16 ივლისის შემდეგ პოლიტიკა მათემატიკასავით უზუსტეს მეცნიერებად არ მიაჩნია და კიდევ რაღაცის ხელოვნება ჰგონია, ის თანამედროვე მსოფლიოს კარგად არ იცნობს, ვინც არ უნდა იყოს იგი– ქართველი, რუსი, ინგლისელი, გერმანელი, ფრანგი, ამერიკელი... აღმოსავლეთელი თუ დასავლეთელი... და სწორედ დროს ჩამორჩენილი კაცობრიობის ბორალია დღევანდელი პოლიტიკური ბორიალი. ასეთ პოლიტიკას მესვეური ჰგონია თავისი თავი და არა მსახური. მას ხალხის, თუნდაც საკუთარი ერის, თავი სიბრიყვისა და სიჩლუნგის სადგური ჰგონია და ამ ჭრილში მამის თვალწინ ქალიშვილის გაუპატიურება, ისეთივე დაკვეთა შეიძლება იყოს, როგორც სამაჩაბლოში აკვნის ბავშვის ჩაცხრილვა აკვანშივე ტყვიით და ახალგაზრდა კაცის მოჭრილი თავით ფეხბურთის თამაში გაგრის სტადიონზე. ჭეშმარიტ ქართველს რა სჭირდა 150 საპარტიო და 300 საგაზეთო? პროვინციული უვიცობა და მდარე ემოციური აფუებულობა იმალავს თავის თავს ამ პარტიებსა და გაზეთებში, პროექტებსა და გეგმებში, ფელეტონებსა და კროსვორდებში, ანეკდოტებსა და ღიმილ–ღინცილში. ჭეშმარიტი ქართველი არასოდეს არ დასვამდა საკითხს ასე: ჯერ დემოკრატია და მერე დამოუკიდებლობა! ჭეშმარიტ ქართველს არასოდეს არ აერეოდა ერთმანეთში ეროვნული და სოციოლოგიური საკითხები ისე, როგორც ეს ჩვენმა ფილოსოფოსებმა მოისიბრძნეს 1990–1991 წლებიდანვე. ჭეშმარიტი ქართველი არასოდეს მოატყუებს საკუთარ ერს! ჭეშმარიტ ქართველს გამორჩეულად უყვარს საქართველო და არა ერთი რომელიმე კუთხე მისი... კორიდაზე გამოსაყვან ხარივით ბნელში გაზრდილთა ნამღერია ესეც: ,,ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა, ყველა ჩემი სამშობლოა სამეგრელოს გარდა“ ეს ,,რაჭა“ და ,,გარდა“ არ არის რითმა და თუ სამომავლოდ კიდევ დაგჭირდათ ეს ლექსი ,,გარდას“ ნაცვლად ,,კნაჭა“ მივურითმოთ. ამ ერთ სტრიქონს მე შეგეწევით. აი ასე ,,ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა, ყველა ჩემი სამშობლოა... მე ტვინი მაქვს კნაჭა“ კომუნისტურ-ბოლშევიკურმა სიბნელემ და კუთხურობამ მართლაც კნაჭა ტვინებით გაავსო საქართველო. აბა რას ერჩით ამ უწყინარ ლექსს?! ჯერ იყო და შენ ჩაეკინკლავე მას წავწვდი და ძირფესვიანად მოვთხარეო: თურმე არ თუ ვერ მოგითხრია, რადგანაც სამეგრელო შენად არ მიგაჩნია. შენი ლექსის მეორე სტროფის შემდეგ ეს სტროფი უგერგილო დიპლომატიაა,სხვა არაფერი. მეორე და რისი მომთხრელი ხარ, თუ ძმა ხარ?! სამორინეს კარებთან სარეველა, რომ დაგხვდეს, როგორც ნომერ პირველი პოეტი, საჩვენებელ თითს გაიშვერ წინ და გასცემ განკარგულებას, მოიყვანეთ მუშები, მოათხრევინეთ და გასამრჯელო გადაუხადეთო... და სწრაფად შინ შერგავ თავს. იცი, იქ სამეგრელოში, ამ სტროფს უბირი ხალხი მღეროდა. შენ კი პოეტი ხარ და შენი ლექსი ამაზე უარესია, უფრო შხამიანია...და საერთოდ იქ, სადაც ღვარძლია, პოეზიას რა უნდა! სადაც პოეზიაა, იქ ღვარძლი და მყრალბალახა არ ხარობს, მაგრამ ამაზე სხვა დროს. ახლა მოვრჩეთ ბარემ ამ სამი ცეცხლის ამბავს. მესამე ცეცხლი მეგრელებს თვით აფხაზებმა და აფხაზეთის მხარეს მებრძოლმა ძალებმა შეუნთეს. რატომ?! თქვენ რომ არ ქართველობდეთ, ჩვენ აქ, აფხაზეთში, არავითარი პრობლემა არ გვექნებოდაო. გაიგონე,მურმან, დაინახე თუ როგორია საქმის ნამდვილი ვითარება! მდინარე კოდორთან გზის გადაკეტვა და დევნილთა სვანეთის მთების გადავლით გამოყვანაც შეთანხმებული ნაბიჯი იყო. ვინც გადაურჩა იმ წამების გზას, ისინი ახლა ზამთარ-ზაფხულ, ხან ნაწვიმარი წყლითა და ხან კი ოფლით გაღვარულნი აქ თბილისში, ქუჩა-ქუჩა დაწანწალებენ და მიკნავლებული ხმით თავაზობენ მყიდველებს : ,,ხაჭაპური“! ,,ხაჭაპური“! ,,ხაჭაპური“! ,,პური“! ,,პური“ ,,კარენნი“ თბილისელები კი ამბობენ ,,ჯიშამოსაწყვეტები ხართო, ,,თქვენი ჯიში და ჯილაგი ამოწყდესო“, ეს აქ დაბლა- ქუჩაში თქვენ კი კი იქ მაღლა, პოეზიის ოლიმპზე შხამსა და ცოფს ანთხევთ, იღვარძლებით და იღვარძლებით. დღეს, ახლა, სამი, ხუთი ან ათი მილიონი სამხრეთაფრიკელი, რომ ჩამოვიდეს მოსკოვში და განაცხადოს ყველამ ერთად... ჩვენ რუსები ვართო, მათ გულში ჩაიკრავს მთელი რუსეთი. თქვენ კი რა გემართებათ? ორიათას წელზე მეტია, რაც მეგრელი ხმის ჩახლეჩამდე გაჰკივის მე ქართველი ვარ, ვენაცვალე ჩემს საქართველოსო! თქვენ კი ეღინცილებით და ექილიკებით უგლარგაჯულად. მთელი ამ რუსულ-კომუნისტურ-ბოლშევიკურ ეპოქაში ნელი შხამივით მოქმედებდა ქართველთა ასე დაკნინებისა და გაკუთხურების, ერის ფოლკლორიზაციისა და ტვინგამობნელების ვერაგულად შემოპარებული გეგმები. სამოცდაცხრა წლის კაცი ვარ ახლა და შემჭამა ამ ,,მეგრელი“ ,,მეგრელის“ ყმუილმა ყოველ ნაბიჯზე. ეს იყო ამ სამი ათეული წლის წინათ. დანჯღრეული ავტობუსი მიჯაყჯაყებს ერთ-ერთ გარეუბანში, სამი თუ ოთხი უსუარი გამორბის მისკენ. მძღოლს გავძახე ბავშვები გამორბიან, გაუჩერე მეთქი. გააჩერა და კარებიც გააღო. ბავშვები ჩემთვის მთელი სიცოცხლეა, ვზივარ და გაღიმებული შევცქერი მათ. ამოვიდნენ უკანა კარიდან ერთმანეთის მიყოლებით და გამოუყვნენ დორებს შუა გასასვლელს. მეწინავეს ეუბნება მიმყოლი. გადადი უფრო წინ, შე დედალო შენა! წინმიმავალი უბღვერს:ვინაა დედალი,შე მეგრელო! ,,ახლა ეს ეყინჩება:- მეგრელი შენა ხარ მე კი არა.!“ გავშრი,გავქვავდი, შემადნა სახეზე ეს სიამის ღიმილი. უფრო ადრე, სასურსათო მაღაზიაში ვდგავარ და ველოდები ჩემს ჯერს. ორი-სამი კაცი მიდგას წინ. თავისი სექციიდან გამოვიდა გაზინთულხალათიანი ორასკილოგრამიანი ექსკრემენტის ქარხანა,მოლაყუნდა სიგარეტის გამყიდველ ქალთან ჯუჯღუნებს,, შენი მეგრელი დედა მ.....ნ , შენი იცი რას გიზამ?! კმარა! უნდა ვიყვირო, ხალხო ვინახართ თქვენ! რა დაგიშავეთ! საუკუნეში სადაც და როდესაც ყველაზე მძიმე და ძნელი იყო ნამდვილი ქართველობა, მაშინ თქვენზე უკეთესად თუ არ მიქართველია, უკეთესად კი არა ნამდვილად თუ არ მექართველოს, შემირცხვეს მაშინ სინდის-ნამუსი და გამისკდეს ის მიწა, სადაც ვდგავარ..... კინოფილმებში, თეატრებში, ვაიმოძრაბებსადა უილექსებში მეგრელების გატრიზავება-გაბაიბრუება ამ საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან ხომ ესთეტიკურ ხარისხში აიყვანა პოლიტიკურმა დაკვეთამ, ტვინაღრძოობობამ და უნიჭობამ. კარგი რამ სთქვი თორემ ცუდი და შავი, ბრმა და ბნელი ბლომადაა მოქუჩებული ყველა კუთხეში. რატომ არ ასწავლით რიგიანად აკაკი წერეთლის ,,ნათელას სიმღერას“ ბავშვებს იმერეთში,გურიაში, რაჭაში, ლეჩხუმში, ქართლში, კახეთში?! სამეგრელოსკენ ხუთჯერ ,,გამოსეირნებულ ,,მხედრიონელებსა“ და ,,გვარდიელებს“ რე ეტყობოდათ ამ შესანიშნავი ქმნილების ანათვისარი?! მე მესმის დამპყრობელი დაპყრობილს არასოდეს არ აძლევდა იმის უფლებას, რომ სწავლა-განათლების სისტემა საკუთარი ხალხისთვის ფსიქოლოგიურად მიზანშეწონილი ყოფილიყო. კომუნისტურ-ტოტალიტარულმა რეჟიმმა კი მთლიანად დაასამარა ეს საქმე ჩვენში და ქვეყანა ნასწავლი უვიცებით გაავსო...სწორედ ამის მიზეზია ეს ამდენი შხორკალი და სხმარტალი, ყველას ერთი გასაჭირი რომ გვადგას და ყველა სხვასასხვა მიმართულებით რომ მიაჭენებს, ინტერვიუების ჭექა-ქუხილი რომაა და ერთი აზრიანი სიტყვა, რომ არ ჩანს. ჰერმან ჰესეს რომანის გმირმა, რიოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრმა, იოზეფ კნეხტმა, როგორც ეტყობა რომანის ავტორის სიკვდილის შემდეგ შეიძინა ინტერვიუების ეკვილიბრისტიკით ორ ნაპირს შორის გაჭიმულ ბაგირზე გადასვლის უნარი და ცოდნა. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული პოეზია, პროზა, მხატვრობა,მუსიკა,თეატრალური და კინოხელოვნება, რომლებიც ავტორებმა საკუთარი ერის და სამშობლოს განადგურების ფასად მიჰყიდეს საკუთარსავე ერსა და სამშობლოს- არის კოლონიზებული ხალხის ხელოვნება. ეს ხელოვნება შერიგებულია ამ კოლონიზაციას. ხსენებული პერიოდის ქართული სიტყვიერი ხელოვნება კი პროვინციალიზმითა და ყალბი ეფექტებითაა გამოხრული. ახლა სიტყვა- სიტყვა, სტრიქონ-სტრიქონ ჩავუყვეთ შენს ლექსს და ვნახოთ თუ რას წარმოადგენს იგი. პოეტური თქმა შეიძლება იყოს ბუნდოვანი, გაუგებარი, ჩაუწვდომელი, მაგრამ მის ფსკერზე არც ერთ შემთხვევაში უაზრობა არ უნდა ილანდებოდეს. რაც არსებობს ცნობიერების ველზე, იმათ შორის უმშვენიერესი- ეს არის პოეტური სიმართლე, პოეტური სიცრუე კი არ არსებობს, ვინაიდან თუ სიცრუეა, ის არაპოეტურია. ფუღუროსიტყვაობა ხელოვნების კიბოა. მტკვართან ჭოროხს და ენგურს, რიონს და ტეხურს, იორს და არაგვს ხმის ამოღების უფლება, რომ არ აქვს- ეს აბსურდია. რაც შეეხება ქართულთან მეგრულის შეპირისპირებას, ესეც ემოციურ სიმართლეს მოკლებულია, რადგანაც მეგრული ამას არც აპირებს. ,,თქვენ დუშმანს სიტყვა უქციედ საქმედ“ ამ სტრიქონში პოეტური მარტო მარცვალთა რაოდენობაა..სხვა მხრივ ეს პოეტური სტრიქონი კი არა საშინელი ბრალდებაა, რომელსაც დამტკიცება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ცილისწამებად აღიქმება და პასუხისგებას მოითხოვს. მაინც რომელ მტერს უქციეს მეგრელებმა სიტყვა საქმედ? გორბაჩოვისა და ლუკიანოვის დავალებით შეთქმულება ხომ არ მოუწყვეს საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას? ბეპაევს ხომ არ თხოვეს ჯარი ქვემეხები რუსთაველის პროსპექტის მისალეწ-მოსალეწავად? იქნებ ბალტინის სამხედრო-საზღვაო არმადა შეუსიეს თანამემამულეებს? აფხაზეთი და სამაჩაბლო ხომ არ გაუსხვისებიათ? ან ეს რას ნიშნავს? ,,თქვენ სხვა აღძარით თქვენს მარტივ გლეხში“ რთული გლეხი რომელია ნეტავ? ძველი მსოფლიოს ისტორიის სპეციალისტები და ხლხთა მიგრაციის საკითხებზე მომუშავე მეცნიერები აღიარებენ მიწათმოქმედი ხალხების, მათი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე გაპასიურებას, რის გამო მომთაბარე და მესაქონლე ტომები მათ ხშირად იპყრობდნენ ხოლმე. ეს დებულება მართალია და ჩვენთვისაც საგულისხმო აზრს გამოთქვამს. გარდა ამისა მიგვანიშნებს იმაზეც, რომ ყველა გლეხი მარტივია და ცხადი. ყველა დამპყრობელი რთული და გაურკვეველი. ოღონდ ამ სიმარტივეში სინათლეა იმ სირთულეში სიმღვრივე. ეს ერთი, მეორედა რა სხვა აღვძარით ჩვენ ჩვენს მარტივ გლეხში? ქართველი ახალგაზრდების საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს იწევრიანებდნენ და წვრთნიდნენ ამ საუკუნის სამოცდაათიან, ოთხმოციან წლებიდან საპერესტროიკოდ. ესე იგი ქართველი ერისავე გასანადგურებლად ზომბებად ზრდიდნენ მათ შორის ყველა კუთხისანი იყვნენ და, რათქმა უნდა რაოდენობრივად მეგრელები უფრო მეტნი უნდა ყოფილიყვნენ, ვინაიდან გაკუთხურების მოყვარულთა თვალთახედვით ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მეგრელებად ითვლებოდნენ, კომინისტური გაგებით კი მათ განადგურებაში მეგრელებსაც უნდა დაედოთ წილი. ეს იყო, სხვა მხრივ მეგრელებს არაფერი დაუშავებიათ. ახლა ისევ ციტატი: ,,აქ ამბობენ ქართველებს მრავალი მტერი ჰყავსო, შესაძლოა, მე კი სხვა რამ მაფიქრებს, ქართველ ერს მხოლოდ ერთი მტერი ჰყავს, ეს არის თვითონ ქართველი ერი. პირველყოფილი ცოდო ქართველი ერის ისტორიისა: დაუნდობლობა, გაუტანლობა, შური, ღვარძლი ერთმანეთში. უნდა მოისპოს ეს ცოდო რითი? სწორედ იმ ნიჭის გაღრმავებით, რომელიც აკაკის აცოცხლებდა...ამ ნიჭს ორი ცეცხლი აქვს გენიის ცეცხლი, რომელიც შემოქმედებით შეიყვანს ქართველობას მსოფლიოში და გულის ცეცხლი, სიყვარულის ცეცხლი, რომელიც განწმენდს ქართველთა დაბერებულ თვისებას. ვიწვოდეთ ამ ორი ცეცხლით“ ასე მიმართა გრიგოლ რობაქიძემ ქართველ საზოგადოებას 1915 წელს აკაკი წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდზე. აი ესაა საქმე!!! ესაა საქმე და არა ის, რისთვისაც შენ გაისარჯე. ყოველ ქართველს ევალება დღეს ისე, როგორც არასდროს. საკუთარ ცნობიერებაში აღბეჭდოს ეს სიტყვები და გულმოდგინედ იღვაწოს ღრჯუ და კუთხური, დაბერებული თვისებებისგან შინაარსების გაწმენდისა და მსოფლიო სივრცეში ერის ღირსეული წარმოჩენისათვის! ახლა მაინც თუ არ მოვკიდეთ ამ საქმეს ბეჯითად ხელი, სულ მალე აღვიგვებით მიწის პირიდან, ან რისი მაქნისია ერთმანეთის ძიძგნა-ძიძგილით ყოფნა და პროვინციული ოფოფების მწყემსვა. მინაწერი პირველი - არ მიყვარს ციტატებით გაწყობა საკუთარი ნაფიქრალისა, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა მივმართო ამ ხერხს. ამჟამად თქვენი ფილოსოფოსი, მერაბ მამარდაშვილი, უნდა მოვიშველიო. ის თქვენია არა იმიტომ, რომ შვილზე უმთავრდება გვარი, არამედ იმიტომ, რომ კომინისტური და შემდგომ გარდაქმნისდროინდელი სიტყვაარეული სივრცის კაცია.. ბევრი რამ მაინც ყურადღებამისაქცევია მის ნააზრევ-ნასიტყვარში. ეს კი გამოთქმის სისრულითა და შინაარსის სიმართლით თითქმის ყველაფრის მომცველია კომუნისტურ სინამდვილეში. ,,თქვენ ალბათ ვერ წარმოიდგენთ, რა მიმზიდველი და დამარწმუნებელია ტოტალიტარული აზროვნების სიმარტივე, ის თხევადი საწამლავია, რომელიც ბევრად უფრო ეფექტურად მოქმედებს, ვიდრე ცენზურა. და ავტორების დევნა, ის შიგნიდან გღრღნის. ის შიგნიდან იჭრება ტვინში და ეს ძალზე მომხიბლავია, რეალურად გიზიდავს. საიდან მოდის ეს ხიბლი? იქიდან, რომ ასეთი აზროვნება ნებას გაძლევს თავი ჭკვიანი გეგონოს, დაიჯერო, რომ ყველაფერი გესმის. თავზე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ზოგადად ადამიანი ზარმაცია. ამიტომ ის სპონტანურად უერთდება იმას, რაც მას ჰპირდება რაღაცად გაგხდიო, ყოველგვარი მუშაობისა და მუყაითობის გარეშე“- მერაბ მამარადაშვილი-,,საუბარი ანი ეპელბაუნთან“ მთელ საბჭოთა კავშირში, ერთეული გამონაკლისების გარდა ყველა შემოქმედი და მეცნიერი, ყველა გონებისა და ცნობიერების კაცი დანებდა ამ ხიბლს და მან დააბნელა გონებაც და ცნობიერებაც, საქართველო კი პირდაპირ გაანადგურა ამან. უსასიზღრესია ეს ხიბლი. არარაობით მოხიბლულნო გამოიღვიძეთ, თორემ იღუპება ერი და ქვეყანა.
მინაწერი მეორე -იყო ,,გენათი“ გახდა ,,გაენათი“ ახლაა ,,გელათი“ ჩემი ბრალია, ჩემო ძმაო, იმისთვის ჭინთვა, რომ ყველაფერი ,,შენი“ იყოს და არა ,,ჩვენი“?! რა დავაშავე? ქუთაისს ჰქონდა თავისი კულტურა, ისე, ვით ყველა უძველეს ქალაქს... მისტერიული იყო იგი,მისტერიული... მერე გაქრა,-ლაჯებში ამოივლეს ველურებმა... მერე მოვიდა მოვიდა უფრო დიდი, დახვეწილი გელათის სული, მაცხოვრული და მისტერიული, მეცნიერული. დღეს სდუმს გელათი. ქუთაისში კომუნსიტური nihili დადის და მიწასთან ასწორებს ყოველს. გელათის სული უნდა აღსდგეს საქართველოში! იყალთოს სული უნდა აღსდგეს საქართველოში! თუმცა ერთ-ურთის ძიძგნა მაშინაც ძლიერ გვიყვარდა ,,ბრჭყალსა ჩემსა უმზერენ სასაფრთხოდ სულისა ჩემისაო“ სწუხდა პეტრიწი..და მაინც სად ის დრო და სად ეს ბნელჟამი? სად ჭაობის ემოციები და სად კიდევ ანკარა წყარო, ან მოკამკამე ჩანჩქერის ჩქროლა.?! გელათის სული უნდა აღსდგეს, გელათის სული! იყალთოს სული უნდა აღსდგეს, იყალთოს სული..რიონის პირას უნდა განახლდეს ის კოლხური აკადემია, სადაც სწავლობდნენ კოლხებთან ერთად ძველი ბერძნები. განახლდეს, მაგრამ მარტო აბრებით, მარტო უმიზნო, უაზრო თვლემით კი არ განახლდეს... უნდა განახლდეს სხივმოსილი სულის ზეიმით! ახალ-ახალი საწვრთნელები ტვინისა და ტანის უნდა ჩამწკრივდეს მცხეთის გულიდან ყაზბეგამდე,მყინვარწვერამდე.. და შავი ზღვიდან მესტიამდე, უშბის ძირამდე...ისევე რომ მოხდეს დიდი სინთეზი..აღმოსავლური და დასავლური გზები ისევ, რომ ერთმანეთს შეუერთდეს,რომ ამობრწყინდეს მზე მესამე ათასწლეულისა, კაცის მიერ საკუთარ თავში მხეცის დაძლევის მზე ამობრწყინდეს.
აპოლონ ადონია თბილისი 1999
|
ნანახია: 1800 |
დაამატა: ოდორია
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
| |
 | |  |
|
|