Free image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.GeFree image hosting powered by PicZ.Ge
საიტის მენიუ
კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ძებნა
ფეისბუქის ჯგუფი
ჩანაწერების არქივი
სტატიის ამობეჭდვა
www.top.ge
სტატისტიკა
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 8 » კოლხური - ქართული ცივილიზაცია
2:12 PM
კოლხური - ქართული ცივილიზაცია
მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქართველ ერს ადრეკლასობრივი ხანის პერიოდიდან ჰქონდა ცივილიზაცია, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა თვითმყოფადი ქართული კულტურა.

ცივილიზებულმა ქართველმა ერმა უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიო კულტურის საგანძურში. ამის ნათელ ილუსტრაციას წარმოადგენს მსოფლიოს მოწინავე ცივილიზებულ ქვეყნებთან თანამედროვე ურთიერთობანი მეცნიერების, განათლების, კულტურის, ხელოვნებისა და ეკონომიკის სფეროში.

ქართულმა სულიერმა კულტურამ, რომელიც თავისი არსით თვითმყოფადი კულტურაა, როგორც ამას სამართლიანად აღნიშნავენ პროფესორები - ნოდარ ასათიანი, ვიქტორ გუჩუა, მარიამ ლორთქიფანიძე და შოთა მესხია, ყველაფერი საუკეთესო შეითვისა იმ კულტურათაგან, რომლებიც მეზობელ ქვეყნებში იქმნებოდა.

ქართულმა ქრისტიანულმა კულტურამ და ქართულმა მწერლობამ შორს გაუთქვეს სახელი ჩვენს ერს. აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს: „ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქრისტიანობის ნიადაგზე აღმოცენებული ქართული მწერლობის ენა ქართულია, ხოლო ქართველი ხალხის უძველესი ხანის კულტურის შესწავლა უეჭველყჰოფს, რომ ქართველებს ქრისტეს წინათაც მრავალი საუკუნის განმავლობაში მწერლობა უნდა ჰქონოდათ, მაგრამ შესაძლებელია შემდეგ გამოირკვეს, რომ ამ ხანის მწერლობის ენა ქართულ შტოს კი არ ეუთვნის, არამედ მეგრულ-ლაზურს, ან სვანურ შტოს. ამის გამო ქართული ენა-კილოკავების შესწავლას ჩვენი ერის უძველესი წარსულის შესწავლისათვის მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს და ექნება კიდეც ყოველთვის“.

პროფესორ სერგი მაკალათიას აზრით, კოლხეთით იწყება საქართველოს ისტორია.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ძირითად ავთენტურ წყაროებს წარმოადგენენ შორეული ეპოქის მოღვაწეთა მიერ გამოთქმული მეტად საინტერესო მოსაზრებები. აი, ისინიც: ისტორიის მამა - ჰეროდოტე, აპოლონიოს როდოსელი, „გეორგიკა“, „ქართლის ცხოვრება“, გამოჩენილი ქართველი მეცნიერების - ივ. ჯავახიშვილის, აკაკი შანიძის, თამაზ გამყრელიძის, კორნელი დანელიას, რამაზ პატარიძის, გრანი ქავთარაძის, იგორ კვესელავას, მაია ხეცურიანის, მამანტი ძაძამიას, გივი ელიავას, ომარ ხუხუას, გია კვაშილავას და სხვა გამოჩენილ მეცნიერ-მკვლევართა მიერ გამოთქმული მოსაზრებები ქართული ცივილიზაციის კვლევის საკითხებთან დაკავშირებით.

ქართული ცივილიზაციის აკვანს კი კოლხეთი წარმოადგენდა. აკადემიკოსი თ. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ სწორედ ძველი კოლხეთით, კოლხური სახელმწიფოებრიობით თარიღდება უძველესი ქართული სახელმწიფოებრიობა. შემთხევითი არაა, რომ ქართული სახელმწიფოებრიბის ჩასახვის თარიღად სხვადასხვა მეცნიე რულ თვალსაზრის შორის საქართველოს ხელისუფლება სწორედ „კოლხურ ვარიანტზე“ შეჩერდა.

ქართული კულტურისა და აზროვნების საწყისები, წერს პროფესორი იგორ კვესელავა, შორეულ პრეისტორიულ ხანაშია საძიებელი და ქართული ისტორიოგრაფია სამართლიანად ასაბუთებს ქართველური ტომების არსებობას ევროაზიურ და აღმოსავლური სივრცეში.

ქართული კულტურა და აზროვნება საკაცობრიო ცივილიზაციის ნაწილად უნდა მივიჩნიოთ და, ბუნებრივია, მას გავლენა უნდა მოეხდინა სხვა ხალხების ცხოვრებასა და კულტურაზეც. ქართული სახელმწიოფოებრიობის სამი ათასი წლისთავი, რომელიც ქართველმა ხალხმა 2000 წელს აღნიშნა, სწორედ კოლხეთის ქართველურ სახელმწიფოდ მიჩნევამ განსაზღვრა.

ქართული ცივილიზაციის სათავეს კოლხეთი რომ წარმოადგენდა, ამის ნათელი დადასტურებაა მე-5 საუკუნის ბერძენი ისტორიკოსის, ისტორიის მამად ცნობილი მოღვაწის ჰეროდოტეს მიერ წარმოთქმული ფრაზა: „ოდესღაც კოლხებს დამწერლობა ჰქონდათ“.

ისტორიის მამის - ჰეროდოტეს ცნობის მიხედვით წერს მკვლევარი მამანტი ძაძამია: „ოდესღაც კოლხებს დამწერლობა ჰქონდათ, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, ჰქონდათ თუ არა მათ დამწერლობა თვით ჰეროდოტეს დროს, ე.ი. Vს-ში ჩვ.წ.აღ.-მდე“.

აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკის“ მიხედვითაც, ფართოდ დომინირებს აზრი იმის შესახებ, რომ «კოლხებს აქვთ მამათაგან ნაწერი კვირბები, რომლებზედაც ირგვლივ მოგზაურთათვის ნაჩვენებია ზღვისა და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი“.

კოლხეთის, როგორც სახელმწიფოს ცივილიზებულობაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ კოლხებს ჰქონდათ სახელმწიფო ენა. აკად. თ. გამყრელიძეს თუ დავესესხებით, „ზანური ენა“ - დღევანდელი მეგრულ-ლაზურის წინაპარი ენა - იყო სწორედ კოლხური სახელმწიფოს ენა, რომელზეც, როგორც ივარაუდება, მეტყველებდა აია - ქვეყნის, ე.ი. კოლხეთის მეფე აიეტი. ამ ენას აკად. აკაკი შანიძე „კოლხურს“ უწოდებს.

როგორც ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობის, ასევე ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნული მოძრაობის საწყისები იმ მხრივ არის საინტერესო, რომ თვითმყოფადი ქართული სახელმწიფოს შექმნის იდეამ სწორედ კოლხეთში დაიდო სათავე. აი, რას წერს აღნიშნულთან დაკავშირებით პროფ. ი. კვესელავა: „ქართული ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნული მოძრაობის საწყისები შორეულ საუკუნეებში დევს. ამაზე მეტყველებს ფაზისის მაღალი დონის რიტორიკულ-ფილოსოფიური აკადემიის მხილველთა თუ მხსნელთა, აიეტის და ფარტაზის პაექრობა VI საუკუნის საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობის პრობლემებზე. განა ეროვნული მოძრაობისადმი დამოკიდებულების დადასტურებად არ ჟღერს აიეტის სიტყვები: „მე ვინატრიდი კოლხეთის სახელმწიფოს ჰქონდეს მისი ძველი ძლიერება, რომ მას არ დასჭირვებოდეს უცხო და გარეშე დახმარება ამგვარ საქმიანობაში, როგორც ომიანობის, ისევე მშვიდობის დროს, მხოლოდ თავს ეყრდნობოდეს“.

ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ IV-VIII საუკუნეების საქართველოში მაღალ დონეს მიაღწია ცივილიზაციამ. როგორც აკადემიკოსი მ. ლორთქიფანიძე აღნიშნავს, „ამ დროის საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული ანტიკური ფილოსოფია, რიტორიკული ხელოვნება. IV საუკუნის კოლხეთი იმითაც არის საინტერესო, რომ აქ ქალაქ ფაზისის (ფოთის) მახლობლად არსებობდა ფილოსოფიურ-რიტორიკული აკადემია, სადაც განათლება მიუღიათ ცნობილ ბერძენ მჭერმეტყველებს - ევგენიოსს და მის შვილს თემისტიოსს“.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს V საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი მეფისწულის - მურვანოსის, იგივე პეტრე იბერის, მოღვაწეობა კონსტანტინეპოლში, რომელიც იქ ტყვედ იყო წაყვანილი. სახელგანთქმულ ფილოსოფოსს - პეტრე იბერს საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. უშუალოდ მის სახელთან არის დაკაშირებული არაერთი ქართული მონასტრის დაარსება პალესტინაში.

კოლხეთის აკადემიაში სწავლა-განათლება მიუღიათ საბერძნეთის იმპერატორთა შვილებს. ძველ კოლხეთში საკუთარი აკადემიის არსებობა ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ, როგორც ზემოთ არაერთგზის აღვნიშნეთ, ქართული ცივილიზაცია, ე.ი. ერის თვითმყოფადი კულტურის საწყისები სწორედ რომ კოლხეთში უნდა ვეძებოთ.

კოლხებმა, შექმნეს რა თავიანთი სახელმწიფო, ამით მათ შეძლეს შექმნა ისტორიისა. ისტორია კი, თუ გერმანული კლასიკური ფილოსოფიის მწვერვალს გეორგ ვილჰელმ ჰეგელს მოვუხმობთ, „მხოლოდ ის არის, რაც თავისი გონების განვითარებით არსებითად მნიშვნელოვან ეპოქას ქმნის“.

მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ძველი კოლხეთის ისტორია. ცნობილი მწერალი, მეცნიერი და კოლხური კულტურის მკვლევარი ვლადიმერ ალფენიძე წერს: „კარტოგრაფიისა და გეოგრაფიის (კოლხური კვირბები) პირველი საწყისი უძველეს დროში სწორედ კოლხებმა შექმნეს, ბერძნული და ლათინური მითები ეგვიპტელების მასწავლებლებად ასახელებენ

კოლხებს. ეგვიპტეში ჰელიოპოლისის დაარსება იყო კოლხი აქციუსის პირველი გმირობა - სასწაული“. ეს ფაქტი მიუთითებს კოლხური ცივილიზაციის დიდ როლზე მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში.

კოლხური კულტურის საკითხებს არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი მიუძღვნა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა, ბ-ნმა გივი ელიავამ. მან, ღრმა მეცნიერული პრინციპებიდან გამომდინარე, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, შეისწავლა და დღის სინათლეზე გამოამზეურა :კოლხეთის ისტორიის გარიჟრაჟიდან მომდინარე ცივილიზაცია“. ბატონ გივის მოღვაწეობას კოლხური კულტურის კვლევა-ძიებასთან დაკავშირებით მაღალ შეფასებას აძლევდა მკვლევარი ვლადიმერ ალფენიძე. მარტვილის ეროვნული მუზეუმის ფონდები, წერს ვლადიმერ ალფენიძე, „შეიცავს ენოლითური ხანის და ბრინჯაოს ეპოქის მეტად მნიშვნელოვანი ღირებულებების უნიკალურ ნივთებს, რომელთაც აქვთ მითოლოგიური ხასიათის მონაცემები, რაც ჩვენი ერის ისტორიული წარსულის მაღალკულტურული, კარტოგრაფიული და იდეოგრამული დამწერლობის უნიკალურ მოწმეებს წარმოადგენენ. მათ შორის დიდი მნათობების - მზისა და მთვარის - ხატ-სალოცავებია, რაც უძველეს დროშია შექმნილი და გამოყენებული. ისინი ისტორიული, ეთნიკური, ეთნოკულტურული თვალსაზრისით, უდავოდ, მეტად ღირებულ დანაშრეებს წარმოადგენენ. ორივე მნათობი ღვთის მიერ სამყაროს შექმნის მესამე დღესაა შექმნილი და ღვთიური მადლი და დანიშნულება აქვთ მიღებული“.

ოთხი ათასი წლის წინანდელი კოლხური კულტურის კვლევას წარმატებით განაგრძობს პროფესიით მათემატიკოსი გია კვაშილავა. ის 1990 წლიდან მუშაობდა კუნძულ კრეტაზე აღმოჩენილ, მსოფლიოში პირველი ბეჭდვითი დოკუმენტის „ფესტოსის დისკოს“ დეშიფრირებაზე, რომელიც უკვე დაასრულა. ფესტოსის დისკო - კოლხური ოქროდამწერლობა გამოჩენილ მეცნიერთა თვალსაწიერშია. ამ აღმოჩენას საზღვარგარეთელი მეცნიერებიც გამოეხმაურნენ.

გაშიფრა რა „ფესტოსის დისკო“, გია კვაშილავა მივიდა შემდეგ დასკვნამდე: 1. კოლხი კორიბანტების მიერ შექმნილი „კირიბიშის“ ანუ წერილფირფიტის - „ფესტოსის დისკოს“ წარწერის ენა პროტოქართულია, ე.ი. კოლხურია. 2. დისკოზე დაბეჭილი ნახატ-ნიშნები „კოლხური ოქროდამწერლობაა“. 3. დისკოს ტექსტი წარმოადგენს საგალობელს - „ნენანას“, რომელიც ეძღვნება აია-ნეშკარის მფარველ, პელაზგურ-კოლხურ ნაყოფიერების დიდ დედა-ღვთაებას ნანას - რეა-კიბელეს.

კუნძულ კრეტაზე ცხოვრობდნენ ქურუმები, რომელთაც კორიბანტები ერქვათ, აღნიშნავს მეცნიერი გია კვაშილავა. იგი ეყრდნობა სტრაბონის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ კორიბანტები იქ კოლხეთიდან იყვნენ ჩასული. ამ დიდი აღმოჩენის არარეალურობასთან დაკავშირებული ეჭვების გასაფანტავად უნდა ჩატარდეს მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერ-ლინგვისტთა სიმპოზიუმი.

ფართო იყო კოლხეთის, როგორც სახელმწიფოს გავრცელების არეალი. გარდა ფაზისის აკადემიისა, აკადემია შუა საუკუნეების პერიოდში, კერძოდკი, XII საუკუნეში, არსებობდა გელათშიც, რომელიც დააარსეს მეფეთ-მეფე დავით აღმაშენებელმა და გიორგი ჭყონდიდელმა. გელათის აკადემიის დაარსებასთან დაკავშირებით პროფ. მიხეილ ნიკოლაიშვილი წერს: „აკადემია ისევე აუცილებელი ატრიბუტი იყო სამეფო ხელისუფლებისათვის, როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები, რომლებიც, ფაქტობრივად, აკადემიას ეყრდნობოდნენ გადაწყვეტილების მიღების დროს. დავით აღმაშენებელმა, უწინარეს ყოვლისა, სულიერი სფეროს გარდაქმნას მიაპყრო განსაკუთრებული ყურადღება. შემთხვევით არ უწოდებია მისთვის ანტონ კათალიკოსს „მეფე ფილოსოფოსი“. დავით აღმაშენებელმა ისიც კარგად იცოდა, რომ სულიერი ცხოვრების გარდაქმნის გარეშე შეუძლებელი იყო გონივრული და სრული პოლიტკური კურსის განხორციელება.

შუა საუკუნეების ეპოქაში გელათი კულტურის დიდ ცენტრს წარმოადგენდა. XII-XIII საუკუნეებში მონასტერთან ერთად არსებულ აკადემიაში, დიდ მეცნიერულ მუშაობას ეწეოდნენ იმ დროის ცნობილი ფილოსოსფოსები და მწერლები. აქ წლების განმავლობაში მოღვაწეობდა გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი. აკადემიაში ფართოდ იყო გაშლილი მთარგმნელობითი მუშაობა, თარგმნიდნენ ფილოსოფიურ და ლიტერატურულ თხზულებებს. იქმნებოდა ორიგინალური ნაწარმოებები. ამავე დროს უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ახალგაზრდები აკადემიაში იღებდნენ სრულყოფილ განათლებას.

დავით აღმაშენებლის ეპოქაში კულტურის ახალ ცენტრს წარმოადგენდა იყალთოს აკადემია თელავთან, რომლის დამაარსებელი გახლდათ ცნობილი ფილოსოფოსი არსენ იყალთოელი. იმ დროისათვის შიომღვიმის მონასტერიც კულტურის მნიშვნელოვანი კერა იყო. მას მფარველობდა დავით აღმაშენებელი. აქ გაუტარებია სიცოცხლის ბოლო წლები ფილოსოფოსს არსენ იყალთოელს.

შუა საუკუნეების პერიოდში ქართველი ხალხის კულტურულ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდნენ ქართული კულტურის საზღვარგარეთული ცენტრები. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვან იყო ათონის ქართველთა მონასტერი და პეტრიწონის მონასტერი. უმაღლესი ტიპის სასწავლებლებთან, მონასტრებთან არსებობდა დაწყებითი სკოლებიც.

თანამედროვე ეტაპზე მსოფლიო ქვეყნების ცივილიზაციებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მთლიანობაში საქართველოს, პოეტის სიტყვებით რომ ვთაქვათ, ამ პატარა „ნატვრისთვალის“ ცივილიზაციის კვლევას. ამ საკითხთან დაკავშირებით მეტად საინტერესო წიგნს წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ქ-ნ მაია ხეცურიანის ნაშრომი „ცივილიზაციის ისტორია“. მასში დიდი ადგილი აქვს დათმობილი საქართველოს, როგორც ცივილიზაციის უდიდეს კერას.

ამრიგად, წინამდებარე ნაშრომში შევეცადეთ მოკლედ წარმოგვედგინა ქართული ცივილიზაციის საკითხები, თუ საიდან იღებს სათავეს ქართული ცივილი ზაცია. შემოვიფარგლეთ კოლხური კულტურით, რომელიც სრულიად საქართველოს კუთვნილებაა.

ამბროსი ფაილოძე
ნანახია: 2653 | დაამატა: ოდორია
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სლაიდ შოუ
მარტვილი
ტობა ვარჩხილი
მუსიკა
გააზიარე
google ძიება
Copyright MyCorp © 2026Free web hosting - uCoz